"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული სამი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მიმართავენ. წერილი დიმიტრი ხუნდაძემ გაავრცელა და მასში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, მორიგ თავდასხმას ვკითხულობთ.
სამეული ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პოლიტიკურმა ოპონენტებმა ქვეყანაში "ომის პროპაგანდა" დაიწყეს, რასაც მათი თქმით, ელჩი დეგნანი არ გაემიჯნა.
"რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე?
ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში.
მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ.
ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“.
„დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე“ ?!
ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე.
ქალბატონმა დეგნანმა ტყუილი უწოდა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს და განაცხადა, რომ არც კი წაიკითხა წერილი ბოლომდე. არ მგონია, კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე ამერიკაში რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს.
რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც. რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც", - ვკითხულობთ წერილში.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ "დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას".
სახ. დეპის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში".