"საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოლოდროინდელი რიტორიკით, როგორც ჩანს, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ [ევროინტეგრაციისკენ] სწრაფვაში ხელი შეუშალოს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საუბრობს.
..როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ, ამ მისწრაფებას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში ხელი შეუშალოს.
ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, რომ იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები პარტნიორების ერთმანეთთან მუშაობას არ შეესაბამება.
30 წელია ჩვენ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე მხარდამხარ ვმუშაობთ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, - ამბობს პრაისი.