არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში - სამეულის წერილი ნედ პრაისს

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" ოფიციალურად გამოყოფილი სამეულის სახელით გავრცელებულ წერილში, დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მიმართავს და წერს, რომ არ უნდათ "უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში".

"არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.

არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს.

ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის.

ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო აცდეს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე.

დიმიტრი ხუნდაძე", - ვკითხულობთ წერილში.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ "დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას".

სახ. დეპის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი