კასპის პოლიციის უფროსისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არის ცილისმწამებლური და ის შსს-ის თანამშრომლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, კასპის პოლიციის უფროსს "კრიმინალური ავტორიტეტები" დაუპირისპირდნენ, ესროლეს და დაემუქრნენ. წყაროს ინფორმაციით, გიორგი ჩოქურს ფეხებში რამდენჯერმე ესროლეს. ჩოქურს დაზიანება არ მიუღია და გასროლა გამაფრთხილებელი იყო, თუმცა როგორც წყაროები ამბობენ, პოლიციის მაღალჩინოსანს კრიმინალები დაემუქრნენ, რომ თუ მათ შევიწროებას განაგრძობს, შემდეგი ტყვია "შუბლში მოხვდება".
ამასთანავე, კასპის საკრებულოს წევრმა, გიორგი შარიფაშვილმა "მთავრ არხთან" ისაუბრა, რომ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მთელ რაიონს აქვს, მან სავარაუდო მიზეზზეც ისაუბრა და თქვა, რომ კრიმინალები ხელისუფლებასა და ძალოვნებს საარჩევნო პერიოდში დახმარების სანაცვლოდ ახლა დაპირებულ "კარგი ცხოვრების" მოთხოვნებს უყენებენ და ამ მიზნით ავიწროებენ.
ამავე თემაზე: