კულტურის სამინისტროს მიერ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის დაფინანსების არ მიცემას სფეროს წარმომადგენლები აფასებენ. კინორეჟისორი ბესო სოლომონაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს ემსახურება და ფიქრობს, რომ სექტორი ბევრად სოლიდარული უნდა იყოს.
"თუ ამხელა ფესტივალის შეჩერება პირდაპირ ეხება პიროვნულ ურთიერთობებს, ან თუნდაც რაღაც ფესტივალის დამფუძნებელთან რაღაც ურთიერთობებს, მაშინ ძალიან, ძალიან ცუდად გვქონია საქმე, ძალიან ძალიან ცუდად გვქონია საქმე. ეს გამოდის, რომ შენ სახელმწიფოს განვითარებას, ზოგადად აჩერებ ერთი პიროვნების გამო, ერთ პიროვნებასთან რაღაც უთანხმოების გამო, ეს ნამდვილად არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. მე ვერ ვხვდები რას ემსახურება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს, ვფიქრობ კინო სექტორში ბევრად უფრო მეტი სოლიდარობა უნდა იყოს, იმიტომ, რომ უკვე ჩვენ თავს ვაზიანებთ ამის გამო", - ამბობს კინორეჟისორი, ბესო სოლომონაშვილი.
რეჟისორი სალომე ჯაში, რომელსაც კინოაკადემიამ დოკუმენტური ფილმის – "მოთვინიერების" სეანსები გაუუქმა ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრობლემა, მისი თქმით, დაფინანსებას ვერც დოკუმენტური კინოფესტივალი იღებს, რაც მნიშვნელოვანი პლატოფრმაა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტრომ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.