თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორის, გაგა ჩხეიძის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ წლევანდელი ფესტივალი აღარ დააფინანსა. მისი თქმით, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
ჩხეიძე აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, რა მოსაზრებით იხელმძღვანელა კომისიამ, როცა მან უარი თქვა თბილისის კინოფესტივალის დაფინანსებაზე. მისივე თქმით, სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვეს ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის, მის მიერ დაწერილი ქულებისა და არგუმენტაციის შესახებ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
კინოფესტივალის დირექტორი ვარაუდობს, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო არა სამინისტროს მიერვე დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, არამედ მითითების საფუძველზე, რომელიც კულტურის მინისტრმა გასცა.
იხილეთ განცხადება სრულად:
2022 წლის მარტის თვეში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩაატარა კონკურსი „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“. მისი მიზანი იყო „მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანების და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.“
კინოხელოვნების ცენტრმა პრომეთემ შეავსო განაცხადი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტზე და მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით ის არ დაფინანსდა.
წინა წლებში ე.წ. ტრადიციული საერთაშორისო კინოფესტივალები სამინისტროს ბიუჯეტში ისედაც იყო ხოლმე გათვალისწინებული, რადგან სამინისტროს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებს მდგრადობა სჭირდება (თუ, რა თქმა უნდა, მათი ხარისხი დამაკმაყოფილებელია). ცუდია, როცა ორგანიზაციას ყოველ წელს უწევს კონკურსში მონაწილეობა, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ღონისძიების მდგრადობას და უარყოფითად აისახება მის ხარისხზე. კადრების გადინების თავიდან ასაცილებლად და ხარისხის შენარჩუნების მიზნით საზღვარგარეთ (მაგალითად, გერმანიაში) არსებობს მრავალწლიანი (ძირითადად ხუთწლიანი) ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა. ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს.
სამინისტროს საკონკურსო განაცხადში აღნიშნული იყო შემდეგი: „კონკურსში უპირატესობა მიენიჭება: ა) ფესტივალის ფარგლებში აქტივობების რაოდენობას, საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას, მონაწილე ქვეყნების რაოდენობას; ბ) საერთაშორისო მასტერკლასებს, რომლებიც პასუხობს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას; გ) წარმატებული და მაღალი პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას; დ) საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილებას.“
სრული პასუხსიმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სამინისტროს მიერ მოწონებულ არცერთ სხვა კინოფესტივალს არ ჩამოუვარდება. სრულიად გაუგებარია, რა მოსაზრებით იხელმძღვანელა კომისიამ, როცა მან უარი თქვა თბილისის კინოფესტივალის დაფინანსებაზე. სამინისტროსგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის, მის მიერ დაწერილი ქულებისა და არგუმენტაციის შესახებ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ცნობისათვის: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა სამი სტრუქტურის მიერ. ეს გახლავთ: კულტურის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და თბილისის მერია. კულტურის სამინისტრო კინოფესტივალს აფინანსებდა 2007 წლიდან. დაფინანსება დაიწყო 20 ათასი ლარით და 2016-2019 წლებში ავიდა 100 ათას ლარზე. მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ ჩემს მიერ კინოცენტრის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გამო ერთპიროვნულად გააუქმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსება, პარალელურად გაუნახევრა მას დაფინანსება კინოცენტრმაც. კინოფესტივალი გადარჩა მხოლოდ თბილისის მერიის, უცხოელი პარტნიორებისა და სპონსორების დახმარებით.
კულტურის სამინისტროს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იძულებული იქნება, უარი თქვას საერთაშორისო კონკურსზე, ინდუსტრიულ ღონისძიებებზე, შეამციროს პროგრამა, გააუქმოს არაფორმალური შეხვედრები და ა.შ. ეს თავისთავად აუარესებს კინოფესტივალის ხარისხს, მაგრამ რა გაეწყობა, როგორც ჩანს, სამინისტროს არ სურს, რომ თბილისის კინოფესტივალი განვითარდეს, გაძლიერდეს, იქცეს რეგიონის წამყვან კინოფესტივალად და მიაღწიოს ევროპულ მასშტაბებს. შედარებისთვის მოვიყვან რუმინეთის წამყვან კინოფესტივალს - ტრანსილვანიის კინოფესტივალს ქალაქ კლუჟში. მისი ბიუჯეტი მთლიანობაში (სახელმწიფო, კერძო სექტორი და ფონდები ერთად) 1,8 მილიონი ევროა, თბილისის სახელმწიფო კინოფესტივალის დაფინანსება კი მისთვის საუკეთესო წელს (2019) შეადგენდა დაახლოებით 150 000 ევროს.
ჩემი ვარაუდით კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო არა სამინისტროს მიერვე დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, არამედ მითითების საფუძველზე, რომელიც კულტურის მინისტრმა გასცა, ალბათ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩემი დაარსებულია. თუ ეს ასეა, ეს მინისტრის მხრიდან ჩემი პირადი დევნის და მტრობის კიდევ ერთი მაგალითია. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მისგან ამ ფაქტის უარყოფას და მიზეზებს, თუ რატომ არ გახდა თბილისის კინოფესტივალი დაფინანსების ღირსი.
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კულტურის სამინისტროს გაუაზრებელი პოლიტიკის გამო დაკარგავს ხარისხს, მნიშვნელობას და ფართო აუდიტორიას, რადგან მაყურებლისა და კინოპროფესიონალების სიყვარულის და აღიარების მოპოვებას ძალიან დიდი დრო და ენერგია ჭირდება, რომელთაც მე და ჩემი გუნდი წლების განმავლობაში თავგანწირვით, ერთგულებით და ენთუზიაზმით ვახმარდით.