"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერ, რადას დეპუტატ დავით არახამიაზე ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს.
მისი თქმით, არახამიას მოწოდებითა და "შეძახილით" არავითარი სანქციები არ დაწესდება.
"არახამია რომელიც ჩემულობს, რომ არის ქართული სულის და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი, ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არა თუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს. არავითარი სანქციები არახამიას მოწოდებით ან შეძახილით, ან მისი გაფრთხილებით, ან მისი ლოიალობით არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება", - თქვა გია ვოლსკიმ.
არახამიამ "მთავარ არხთან" ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო რუსეთის თამაშში ჩაერთო და ქვეყანამ ისიც ვერ თქვა, რომ უკრაინაში ომი რუსეთის აგრესიაა. მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩივით დაასრულებს, სჯობს, ნებაყოფლობით დათმოს ძალაუფლება. ინტერვიუში არახამიამ, ასევე თქვა, რომ მზადაა პირადად ჩამოვიდეს საქართველოში და აქაური პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დააკავშიროს, მას ერთი პირობა აქვს პოლიტიკოსები პრორუსები არ უნდა იყვნენ.