
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა და ის რუსული საქმის კეთებაში დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, იციან პირდაპირი კავშირები, რომლებიც უკრაინელ პოლიტიკოსებს "რადიკალურ" ოპოზიციასთან აქვთ.
"მე აქ გავიმეორებ აშშ-ის ელჩის შეფასებას, რომ ნებისმიერი უთანხმოება უკრაინისა და საქართველოს შორის აწყობს მხოლოდ რუსეთს. აქედან უკვე დასკვნები გამოვიტანოთ, ვინ არის ამ უთანხმოების ინსპირატორი, ვის საქმეს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი. ამიტომ აქ ზედმეტად რამის შეყოლას აზრი არ აქვს. ჩვენ სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი შემთხვევა, როცა მოდიოდა დეზინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ვიცით პირდაპირი კავშირები საქართველოს შიგნით რადიკალურ ოპოზიციასთან, ასე რომ ეს უბრალოდ სამწუხარო მდგომარეობაა, რომელიც ახლა არის. კიდევ ერთხელ, უთანხმოება საქართველო-უკრაინას შორის ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამის ინიციატორია, რუსეთის საქმეს აკეთებს", - თქვა პაპუაშვილმა.
არახამიამ "მთავარ არხთან" ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო რუსეთის თამაშში ჩაერთო და ქვეყანამ ისიც ვერ თქვა, რომ უკრაინაში ომი რუსეთის აგრესიაა. მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩივით დაასრულებს, სჯობს, ნებაყოფლობით დათმოს ძალაუფლება. ინტერვიუში არახამიამ, ასევე თქვა, რომ მზადაა პირადად ჩამოვიდეს საქართველოში და აქაური პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დააკავშიროს, მას ერთი პირობა აქვს პოლიტიკოსები პრორუსები არ უნდა იყვნენ.