
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშს ე.წ. მდუმარე დეპუტატებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. ამბობს, რომ ეს არაფრის მეტყველი არაა. მას ლევან ვარშალომიძის მაგალითიც მოჰყავს და ამბობს, რომ "არათუ სიტყვით გამოსვლა, ის პარლამენტის შენობაშიც კი არაა ნამყოფი".
არსებობენ დეპუტატები, რომლებიც შეიძლება სიტყვით არ გამოსულან, ეს არაფერს არ ამბობს საერთოდ. საერთოდ არაფერს არ მეტყველებს მათ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პარლამენტის წევრის საპარლამენტო საქმიანობა არის სხვადასხვაგვარი, მათ შორის, ჩვენ, ამ მოწვევის პარლამენტში ჯერ კიდევ გვყავს მაჟორიტარი წევრები და მათ აქვთ აბსოლუტურად სხვა განრიგი, სხვა ფორმატი, სხვა ფუნქცია. ამიტომ ეს არის უბრალოდ არასწორი სტატისტიკა და შედარება.
თუმცა, თუკი სტატისტიკა აინტერესებთ, ერთი სტატისტიკა, რაც შეგვიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ლევან ვარშალომიძე, იქით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, არათუ პარლამენტში სიტყვით არგამოსვლა, პარლამენტის სხდომასაც კი არ დასწრებია და საერთოდ შენობაშიც კი არ არის ნამყოფი, პარლამენტის შენობაში, ორი წლის განმავლობაში, - ამბობს პაპუაშვილი.