"ქართული ოცნებიდან" წასული სოზარ სუბარი ამბობს, რომ "წასულებს" აინტერესებთ, აშშ-ის ელჩისა და პარტიის დამფუძნებლის შეხვედრის დროს ხომ არ ყოფილა "ზეწოლა", იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს "თავისი გავლენა გამოეყენებინა" ხელისუფლებაზე.
"ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ იყო გარკვეულწილად ზეწოლა იმისთვის, რომ მას თავისი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, ან დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, ან გამოეყენებინა თავისი გავლენა იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად შეერთებოდა სანქციებს, რომ საქართველოს რაღაცა ნაბიჯები გადაედგა ომის მიმართულებით", - ამბობს სუბარი.
"წასული დეპუტატების" სამეულს ცოტა ხნის წინ შეერთებულმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ სურთ იცოდნენ, აშშ-ის ელჩმა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შესთავაზა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. იხილეთ ელჩის პასუხი: