გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.
უწყებამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომ ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
არიან თუ არა გარდაცვლილები, ამ საკითხზე შსს-ს განცხადებაში საუბარი არაა.
"დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი"- ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობს.