
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დაინიშნა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამის წარდგინებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხელი უკვე მოაწერა.
"დიახ, მე ხელი მოვაწერე წარდგინებას შვეიცარიაში ელჩად ქალბატონი ვენედიქტოვას დანიშვნის შესახებ", - თქვა მინისტრმა.
კულებამ აღნიშნა, რომ ვენედიქტოვას ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის შესაბამის კომპეტენციები აქვს.
"მე მჯერა, რომ ვენედიქტოვას აქვს ეს კომპეტენციები. მისმა მუშაობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ბოლო თვეებში აჩვენა, რომ შეუძლია საკუთარი თავის დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე", - თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა ვენედიქტოვა 17 ივლისს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტმა ვენედიქტოვას ნაცვლად თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დანიშნა.