ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, საიდანაც 4-ს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა. 

ესენია: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

ცნობილია, რომ დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს ანრი ოხანაშვილი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს კი გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს.

„...ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც  ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ.  ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება.   ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - ამბობს ოხანაშვილი. 

ცნობილი ხდება, რომ საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი