"აგრესია არ უნდა გვქონდეს, არ არის დასაშვები" - სარჯველაძე საქართველოში რუსების შემოსვლაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თანაგუნდელების მსგავსად მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკა "მანიპულანტურია".

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებაში "ქსენოფობიური ნიადაგი გააღვივოს".

"არავითარ დრამატულ მოვლენებს ამ შემთხვევაში არ აქვს ადგილი ისეთს, რომელთან დაკავშირებითაც უფლება ან საფუძველი აქვს ვინმეს, გამოაცხადოს დღეს, რომ რაღაც დრამატული სცენარები ვითარდება საქართველოში, ან რაიმე მავნე, მანკიერ ტენდენციებთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ შორის გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელსაც ეყრდნობიან შემდგომ ოპონენტები, არის მანიპულაციის მცდელობა. არ არის ახსნილი მაგალითად ის, თუ რამდენმა დატოვა, ერთდროულად რამდენის ყოფნაზე გვაქვს საუბარი, რა კატეგორიის ტურისტები არიან და ასე შემდეგ. არ ღირს ამ თემაზე სერიოზულად საუბარი როდესაც ასეთი ტიპით არის შემოთავაზებული ინფორმაცია, როდესაც ცდილობენ, რომ გააღვივონ ქსენოფობიური ნიადაგი სახელმწიფოში. ეს ძალიან მავნე, მანკიერი ტენდენცია შეიძლება იყოს და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს. ჩვენი მსოფლმხედველობისთვის, აბსოლუტურად არათავსებადია ნებისმიერი გამოვლინება ქსენოფობიისა. ამიტომ ყველას, ჩემი კატეგორიული მოწოდება და თხოვნაა, საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი და არ უნდა გაღვივდეს ისეთი რამ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა სარჯველაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ საზოგადოებაში აგრესია არ უნდა იყოს.  

"აგრესია არ უნდა გვქონდეს, აგრესია არ არის დასაშვები, ეს არასწორია... როდესაც საუბარია იმაზე, რომ მაღაზიაში ადამიანს ქართულ ენაზე არ ემსახურებიან, ეს არის კონკრეტული დარღვევა, ამას სჭირდება რეაგირება და არა რაღაც სურათების წარმოსახვა, რომლის მიხედვითაც თითქოს და იღუპება საქართველო იმიტომ, რომ დღეს აქტიურად დაინტერესებულია რუსი ტურისტები საქართველოს მიმართულებით. არ შეიძლება გავაღვივოთ და ხელი შევუწყოთ აქ აგრესიული ფორმების არსებობას. აგრესიული ფორმები და თვითგასამართლების შემთხვევა უნდა იყოს გამორიცხული, იმიტომ, რომ ეს არის კონფლიქტი არასამართლებრივი გზებით. ეს არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი