პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამისად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.
“რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.
ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge"- ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები 30 ივლისს წარუდგინა. ოფიციალური ცნობებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.
ამავე თემაზე: