ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახისა და კოლეგების ბრალდებებს დავით რიჟვაძე პირველად პასუხობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში მონაწილეობას უარყოფს. ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.
"არავის დავალებით არ მომხდარა. არ ვერევი პოლიტიკაში, 30 წელია პოლიციელი ვარ, ვაკეთებ ჩემ საქმეს. ისინი [ოპოზიცია] ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ საზოგადოება ხედავს და აფასებს. მაგათ ნაბოდვარზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. არ ვერევი პოლიტიკაში. [გამოძიებას] რა კითხვებიც ჰქონდა, გავეცი პასუხი", - თქვა დავით რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ფუტკარაძე გასულ წელს არჩევნების მეორე ტურამდე გულის შეტევით გარდაიცვალა, მანამდე მის გადაბირებას ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობდნენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2021 წლის 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითიც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.