
რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტში, პრიორიტეტული მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვაა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს, რომელიც სწორედ სანქციების თემაზე მუშაობს.
„სსრკ-ს ნამდვილი რეზიდენტი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს ნაფტალინის საბჭოთა კავშირის აღდგენაში მათ საზღვრებში. “- წერს ერმაკი.
ცნობისთვის, ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინის ხელისუფლება აქტიურად ითხოვს - "მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან მათ პატივისცემას" - დაწერა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
ყველაზე მთავარი სანქცია საზღვრების ჩაკეტვაა... დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან - ამბობს ქვეყნის პირველი პირი, ვოლოდიმირ ზელენსკი.