
სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა მიუსაჯა, მიზეზად რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა - ინფორმაციას რუსული მედია, „იზვესტია“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში" ბრალდებულ ჟურნალისტს შინაპატიმრობა 9 ოქტომბრამდე მიუსაჯა.
ოვსიანიკოვასთვის ახალი ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია გუშინ, მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
დიმიტრი ზახვატოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯარო გავრცელებისთვის", რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ოვსიანიკოვას ბინაც გაჩხრიკეს.
შეგახსენებთ, მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის ახალ ამბების პირდაპირ ეთერში, ბანერით - "არა ომს" გამოჩნდა, რისთვისაც ის ადმინისტრაციულად დააჯარიმეს, ამის შემდეგ კი ოვსიანიკოვამ ქვეყანა დატოვა და გერმანიაში წავიდა, თუმცა რუსეთში მალევე დაბრუნდა და 15 ივლისს ამჯერად კრემლის მახლობლად გამოჩნდა ბანერით ხელში, სადაც ეწერა: "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან, 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს?".
ცოტა ხანში ოვსიანიკოვა კვლავ დააკავეს გარკვეული დროით და დააჯარიმეს იმის გამო, რაც მან ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ილია იაშინის სასამართლო პროცესის დროს განაცხადა.
10 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 40 000 რუბლით დააჯარიმა ფეისბუქ პოსტის გამო, სადაც ეწერა: "მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის".