
"სალმან რუშდი ცოცხალია და ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი" - ამის შესახებ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, კეიტი ჰოქულიმ ისაუბრა. ცნობილია, რომ მას ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით, დაჭრილია ლექციის მოდერატორი.
მწერალი სალმან რუშდი ნიუ იორკში, სცენაზე გამოსვლისას ცოტა ხნის წინ დაჭრეს. უცხოური მედიის ცნობით, სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. თვითმხილველების ცნობით, 75 წლის მწერალი სცენიდან დარბაზში მყოფმა პირებმა გაიყვანეს.
მედიის ინფორმაციითვე, თავდამსხმელი დაკავებულია.
ინდური წარმოშობის მწერალს „სატანური ლექსების“ გამო, წლების განმავლობაში მუსლიმი რადიკალები სიკვდილით ემუქრებოდნენ. 1989 წელს ირანის ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინმა ფატვა, ანუ მწერლის სიკვდილით დასჯის განკარგულებაც კი გამოსცა.