
პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არასამუშაო საათებში განხორციელებულ ვიზიტზე საუბრობს.
როგორც ის განმარტავს, ოჯახს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა იმისთვის მიეცა, რომ სოსო გოგაშვილს მათთვის შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მუქარის შესახებ ეთქვა და ეთხოვა, რომ გაჩუმებულიყვნენ.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულთან ოჯახის ვიზიტი მისი "წახალისების" მიზნით განხორციელდა.
"იუსტიციის მინისტრმა ძალიან მცირე კომენტარი გააკეთა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რადგან მას არ აძლევენ უფლება, რომ ისაუბროს იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც დაფიქსირდა ჩემს ოჯახთან მიმართებაში. მე ვგულისხმობ 30 ივლისს, როდესაც ვიმყოფებოდით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს იყო არასამუშაო საათები 6 საათის შემდეგ, რა დროსაც მამაჩემმა შეგვატყობინა, რომ მასზე ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა და ჩვენ გავჩუმებულიყავით, ისევე როგორც იგი, რადგან იმ მომენტში ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით სხვადასხვა სახის განცხადებებს იმ დარღვევებთან დაკავშირებით, მაგალითად ეს იყო თვალთვალი, სხვადასხვა სახის მუქარები, ადამიანი გვატყობინებდა სხვადასხვა სახის მუქარების შესახებ, რომ უნდა გავჩუმებულიყავით. ამის შესახებ როდესაც შეგვატყობინა შეხვედრის მამაჩემმა, ჩვენ ნამდვილად გაჩერებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ მასზე ზეწოლა შესაძლოა, გაგრძელებულიყო და ეს სისრულეში მოეყვანათ. ეს არ იყო რაიმე წახალისება, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი დადებითი ქცევის გამო წახალისდა და ამიტომ მისცეს მას უფლება, რომ ოჯახის წევრებს შეხვედროდა, ეს იყო იმის მაუწყებელი და იმის საფუძველი, რომ მას ჩვენთვის შეეტყობინებინა ის ფაქტი, რაც მას საშხაპეში შს მინისტრმა შეატყობინა" - ამბობს, ნინო გოგაშვილი
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა დღეს მორიგი წერილი "არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა" - გაავრცელა, სადაც "ბიძინა ივანიშვილისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების საუბრის" შესახებ წერს.