ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს ძირითად სფეროებში უკუსვლა ჰქონდა. განცხადება ბორელმა ასოცირების შეთანხმების შესახებ, ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გააკეთა. ბორელის თქმით, უკუსვლაა ისეთ სფეროებში , როგორიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები:
„საქართველომ გააგრძელა რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები.
როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ თქვა, რომ "ბურთი ახლა საქართველოზეა", მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, მას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიენიჭა - "მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება"- ამბობს ის.
როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას? - ევროკავშირი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია გასული წლის განმავლობაში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.