
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმული შიშები გაუგებარია. მთავრობის სხდომის შემდეგ მან თქვა, რომ საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა და რისკებს ამ მიმართულებით ვერ ხედავენ.
"პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც უპრეცედენტო ზრდაზე უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობა ხომ?! რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი. ვერ შევადარებთ პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რაოდენობას, რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიშები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში", - თქვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები შემოდიან. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა, ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა.