"მწვანე ქვეყანა, გვაღიარეს, ამ აღიარებას ხომ უნდა მოყვეს შედეგი, რეიტინგებში ყოფნა არაფერს ნიშნავს" - გიდები ფრენების აღდგენას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ჩაკეტილი საჰაერო სივრცე - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ფრენების დაშვებას საგანგებოდ აჭიანურებს და ამას იმისთვის აკეთებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები ვერ ჩამოვიდნენ.

გარდა ამისა, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას შესაძლოა ამ ეტაპზე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც არ აწყობს, ვინაიდან სოციალურ სიდუხჭირეს მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს

ეს გეგმა მდგომარეობს შემდეგში, მიზანმიმართულად მოკლან ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის ტურიზმი, რათა ხალხი უფრო გაღარიბდეს და ივანიშვილის ხელისუფლების ძლიერება კიდევ უფრო წარმოჩინდეს - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ფრენების აღდგენა ისეთ წევრებთან ევროკავშირის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კარგია, ამ ქვეყნებთან რეგულარული რეისების არ აღდგენა არის ბრიყვული, მცდარი და საზიანო გადაწყვეტილება - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება სპეციალურ რეგულაციებზე მუშაობს სწორედ იმისთვის , რომ უცხოელი დამკვირვებლებს არჩევნებისთვის პრობლემა არ შეექმნათ და საკარანტინო რეჟიმის გავლა არ მოუწიოთ:

პროტოკოლი იქნება ისეთი, რომ მინიმალური დაბრკოლება შეიქმნას. ანუ, მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, "რადიკალური ოპოზიციის" ინტერესშია ეპიდემია გავრცელდეს და არჩევნები გადაიდოს.

ფრენების აღდგენას ითხოვენ გიდებიც, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და ამბობენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებამ 1 ივლისიდან ფრენები არ აღადგინა. მათივე თქმით, ტურისტული კომპანიები გაკოტრების ზღვარზე არიან და ხელისუფლებას სთხოვენ, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას.

ჩვენ გვინდა კონკრეტული ვადები როდის ვიხსნებით, ვისთან ვიხსნებით... ათას რეიტინგში მოხვედრა რომელსაც სიამაყით გვამცნობენ, აი ნახეთ, მწვანე ქვეყანა და გვაღიარეს, ამ აღიარებას ხომ უნდა მოყვეს შედეგი, რეიტინგებში ყოფნა- არყოფნა არაფერს ნიშნავს - ამბობს აქციის მონაწილე.

გიდების თქმით, თუ მათ ერთ კვირაში არ ექნებათ ზუსტი პასუხი ვადებთან დაკავშირებით, აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ხელისუფების გადაწყვეტილებაზე კითხვები აქვთ ეკონომისტებსაც. ისინი ამბობენ, რომ ჩაკეტილი საჰაერო სივრცე ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი