ენიო მორიკონე - იტალიელი კომპოზიტორის ცხოვრება და შემოქმედება

გამოქვეყნდა:

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარისხი და იმედი მაქვს, ხალხს ჩემი მუსიკა მისი ხარისხით დაამახსოვრდება, - აღნიშნა ენიო მორიკონემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

მან 50 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამორჩეული მუსიკა 500-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა. იტალიელმა კომპოზიტორმა ფილმის კადრები გააცოცხლა და უსიტყვოდ თქვა ის, რისი გამოხატვაც ყოველთვის უნდოდა. 

ვიცოდი, რომ უნდა შემექმნა მუსიკა, რომელსაც ახსნა არ დასჭირდებოდა. ფილმისთვის საუკეთესო მუსიკა ისაა, რომელიც შეგიძლია გაიგო, რადგან მუსიკა, რომელიც არ გესმის, რამდენად კარგიც არ უნდა იყოს, უკვე არის ცუდი მუსიკა ფილმისთვის - ამბობდა კომპოზიტორი.

მისივე თქმით, სანამ ფილმების გაფერადებას დაიწყებდა, უცნაური ბავშვობა ჰქონდა. ყველაფერი 6 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მუსიკა პირველად შექმნა. 14 წლის ასაკში უკვე კონსერვატორიაში სწავლობდა. იმ დროს საკმაოდ დიდი განაცხადი იყო, როდესაც მესაყვირეს კომპოზიტორობა მოუნდა. სტუდენტობა ორმაგ ცხოვრებას უკავშირდებოდა - დილით სწავლობდა, საღამოობით კი მამის ნაცვლად საყვირზე უკრავდა. 

თავდაპირველად მუსიკა ტელევიზიისთვის შექმნა, შემდეგ იყო რადიო, თეატრი და ბოლოს კინო, რამაც ენიო მორიკონეს ცხოვრება მთლიანად შეცვალა. აღიარება მას სერჯო ლეონეს ვესტერნებმა მოუტანა. ამბობდნენ კიდეც, რომ არსებობდა ორი მორიკონე: ერთი ყველასთვის კარგად ნაცნობი და მეორე - სერჯო ლეონეს ფილმების კომპოზიტორი. 

სერჯო ლეონესა და ენიო მორიკონეს ბავშვობიდან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. მათ ისე ესმოდათ ერთმანეთის, როგორც არავის. 1980-იან წლებში რეჟისორმა მეგობარ კომპოზიტორს პოპულარული ტონალობის მუსიკის შექმნა სთხოვა, რომელიც მარტივად მისაღები იქნებოდა ნემისმიერი ყურისთვის. მაშინ მორიკონემ პიანინოზე დაუკრა ის, რაც შემდეგ უკვე გაორკესტრებული ვერსიით 1984 წელს ფილმში გაჟღერდა. 

თუ მკითხავთ, რომელი ფილმისთვის დაწერილი მუსიკაა გამორჩეული ჩემს შემოქმედებაში, არ გიპასუხებთ. კინო არის ის, რასაც ვხედავთ ან ვუსმენთ, მაგრამ მუსიკა გადმოსცემს უთქმელს და დაუნახავს. სწორედ ამიტომ, კინომუსიკა კიდევ უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული. თავად ფილმი, მისი შინაარსი, მთავარი აზრი უნდა გადმოსცე, მანამდე კი რეჟისორის ჩანაფიქრი კარგად უნდა გაიგო. ამის შემდეგ, მე განვმარტოვდები ხოლმე და იდეებს ვინიშნავ. მუსიკას კლავიშებთან არ ვქმნი, ჩემს მაგიდასთან ვწერ.

როდესაც ფილმებისთვის მუსიკას წერდა, ყოველთვის ბუნებრივ ხმებს იყენებდა. მაგალითად, სტვენის, ბეჭდვის ან კონსერვის ქილების ხმებს. ამით მუსიკას კიდევ უფრო მეტ ბუნებრიობას მატებდა. ის იყო ერთადერთი კომპოზიტორი, ვინც ეპიკურ ჟღერადობას ქმნიდა იტალიური ფილმებისთვის. 

კინო-მუსიკის ხელოვნებაში შეტანილი მრავალმხრივი და შეუცვლელი წვლილისთვის მას 2007 წელს ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი გადასცა. კიდევ ერთი ოქროს ქანდაკება მორიკონემ 2015 წელს დაიმსახურა - კვენტინ ტარანტინოს ვესტერნისთვის მან კიდევ ერთი გამორჩეული მუსიკა შექმნა. 

მრავალი ჯილდოს მფლობელი იტალიელი კომპოზიტორი ერთხელ საქართველოშიც იყო ნამყოფი. 2018 წელს ქართველ მსმენელს მისი მუსიკის ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობაც ჰქონდა. ამ კონცერტს ვერ დაესწრო ენიო მორიკონეს კომპოზიციების ხშირი შემსრულებელი ნიკოლოზ რაჭველი. 

დღეს მე, ერთი მხრივ, ის ვარ, რაც ბევრი წლის წინ ვიყავი, მაგრამ ამავდროულად, რადიკალურად განსხვავებულიც.

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე დღეს სამშობლოში გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი