რეგულარული რეისები შესაძლოა არც აგვისტოში აღდგეს. ფრენები სავარაუდოდ ოქტომბრამდე გადაიწევს. ინფორმაცია ამის შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.
პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს. ხომ არ შეექმნებათ ჩამოსვლის პრობლემა საერთაშორისო დამკვირვებლებს? ეს არის ის კითხვა, რომელზეც ოპოზიცია პასუხს ითხოვს.
ამ ბრალდებებს პოლიტიკურ სპეკულაციას უკავშირებს მმართველი გუნდი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მუშავდება სპეციალური რეგულაციები, რომელიც არ შეაფერხებს დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებისთვის.
შემოსავლის გარეშე დარჩენილმა გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა რეგულარული ფრენების აღდგენის მოთხოვნით დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი თქმით ეს სფერო გაკოტრების ზღვარზეა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს და ხელისუფლებას პირობებიც წაუყენეს, დაასახელოს კონკრეტული ვადები როდიდან აღდგება ფრენები იმ ქვეყნებთან სადაც ეპიდვითარება არ არის რთული.
ფრენების აღდგენის მოთხოვნას იმ კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებული არ არიან, თუმცა დამოკიდებული არიან ტურიზმზე. მათი თქმით გაკოტრების ზღვარზეა ის მაღაზიებიც, რომელთა პროდუქტსაც ძირითადად უცხოელი ტურისტები ყიდულობენ. მათ შორის ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს.
ფრენების განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ ეკონომისტებიც. მათი აზრით რეისები არა მარტო ტურიზმისთვის არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეკონომისტები ურჩევენ მთავრობას, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება.
ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართეს. იმ შემთხვევაში თუ უახლოეს პერიდოში არ ეცოდინებათ რას გეგმავს მთავრობა რეგულარულ რეისებთან დაკავშირებით, უკვე მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.