
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სოსო გიგაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს და ყველაფერს უარყოფს. მან გოგაშვილს შეახსენა, რომ სწორედ მისი დამსახურებით დაწინაურდა სხვადასხვა დროს თანამდებობებზე და შეახსენა ისიც, თუ რატომ გაათავისუფლეს 2018 წელს:
სოსო გოგაშვილი თვითონ, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება, გავიცანი 2013 წელს, წამოვიყვანე მე, პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, არ მახსოვს განყოფილების ან ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო გენინსპექციაში. მე მაშინ შს მინისტრის მოადგილე ვიყავი და ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. ვთხოვე მას, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. დეტალებს აღარ მოვყვები, დიდი დრო რომ არ წავიღოთ. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც - დავახლოვდით ოჯახებით და ახლა სამწუხაროდ, ის აცხადებს რომ თურმე 3 წელი იდგა და აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენს გუნდზე და გომელაური ციხეში უნდა იჯდეს.
2018-ში მოხდა მისი გათავისუფლება თანამდებობიდან. რატომ მოხდა ეს, თვითონ ყველაზე კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია მე ის გუნდისგან - თქვა გომელაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს გოგაშვილი, გომელაური გაღიზიანდა და არ უპასუხა - ახლა არ ვიტყვი, გითხარი არა მეთქი.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა მუქარაში სწორედ შს მინისტრი დაადანაშაულა. გოგაშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, საშხაპეში ოთხჯერ გაიყვანეს, სადაც ტელეფონი დაახვედრეს, რომელზეც დარეკა გომელაურმა და უთხრა რომ "გადაკვეთა წითელი ხაზები და თუ არ გაჩუმდებოდა, გაანადგურებდნენ და ოჯახს ამოუწყვეტდნენ"