"შეიძლება ჯერი მიდგეს ტელევიზიისთვის ლიცენზიის შეჩერებაზე" - ბექაურის კომისია 3 ტელევიზიის წინააღმდეგ საჩივარზე, გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - დღეს 3 საათზე მარეგულირებელ კომისიაში  სხდომაა ჩანიშნული და დიდი ალბათობით მთავარ არხს, ფორმულას და ტვ პირველს სოლიდურ ჯარიმას დააკისრებენ. საქმე ეხება ქართული ოცნების საჩივარს, რომელიც 3 დამოუკიდებელ მედიას , კაპანია "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო ედავება.  

ტელეკომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საჩივრის განსახილველად დაშვებაც კი კანონის დარღვევა იყო, მაგრამ მარეგულირებელი კომისია მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს და შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ პოლიტიკური იქნება:

"მთავარი არხისთვის ეს მომენტი მართლა შეიძლება იქცეს გარდამტეხ მომენტად იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ უკვე დაგვეკისრა ფინანსური სანქცია და ახლა საერთოდ შეიძლება ჯერი მიდგეს ტელევიზიისთვის ლიცენზიის შეჩერებაზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა რომ პროევროპული კურსის მხარდამჭერები ამ ქვეყანაში და თავისუფალი აზრის გამომხატველი მედიასაშუალებები კიდევ ერთხელ დასაჯოს" - აცხადებს "მთავარი არხის" ტელეწამყვანი პაატა იაკობაშვილი.

ბექაურის კომისიისგან, წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ არც ფორმულასა და არც ტვ პირველში, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ წინასწარ გადაწყვეტილება უკვე არსებობს და სხდომაც ფორმალური იქნება.  

ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" სარჩელი, წარმოებაში 11 აგვისტოს მიიღო

საუბარია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლზე, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა და "ქართული ოცნება" ახლა ამ კლიპის ეთერში გაშვებისთვის, "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" დასჯას მოითხოვს. 

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლიპი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა. გარდა ამისა, კლიპში ჩასმულ, ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარებს, ისინი დამახინჯებულ მოსაზრებებად მიიჩნევენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი