12 პუნქტის გარშემო სამუშაო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობოები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, 12 პუნქტის გარშემო, სამუშაო პროცესში მხოლოდ ის არასამთავრობოები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არიან შემჩნეული "რაღაცების გაყალბებაში".

„ვინც PVT-ს გამყალბებელ და პოლიტიკური მოთხოვნების გამხმოვანებელ „ენჯეოს“ სოლიდარობას უცხადებს, მისი ადგილი სამუშაო პროცესში, ბუნებრივია, არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იფილტრება ის სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართება 12 პუნქტის გარშემო. ეს არის ძალიან ლოგიკური პროცესი. სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შექმნის თუ არა პრობლემას ის, რომ სამუშაო ჯგუფში არ იქნებიან ჩართული საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ისფედი“, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამი ორგანიზაცია არც სამოქალაქო სექტორია და არც სამოქალაქო ორგანიზაცია. მისი თქმით, ისინი მხოლოდ მდიდარი "ენჯეოები" არიან:

„სამოქალაქო საზოგადოება არ არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“. ესენია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ისფედი“. მათ უწოდებენ ხოლმე ხშირად არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მაშინ, როდესაც ის არის მხოლოდ სამი ორგანიზაცია, რომლებიც მაინცდამაინც არც კომპეტენტურობით და არც კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან. ჩვენთვის სამოქალაქო საზოგადოება არის ყველა ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული პროფესიული უნარებით და თვისებებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები იქნებიან ჩართული სამუშაო პროცესში, მაგრამ ეს სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ არავითარ შემთხვევაში არ არის სამოქალაქო სექტორი და არც სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო.  

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, "ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაციის მიკერძოებულობა დაასახელა. მიქანაძის თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერმინისტრის გადაყენების მოთხოვნას შეუერთდა. მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, "რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა".

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი