ბასრი ინსტრუმენტი, რომლითაც 1 საათში ყველა მაუწყებელზე სრულ კონტროლს აიღებს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, ცენზურა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - ასე აფასებენ კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს. კახა ბექაურის უწყებას შეუძლია კერძო მაუწყებლებში დანიშნოს დროებითი მმართველი ისე, რომ არ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს დიქტატურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია  და ხელისუფლებას სურს, სრულად აკონტროლოს მედია და მედიის იმ ნაწილს, რომელსაც აქამდე ვერ აკონტროლებდა, ამ მეთოდით გააკონტროლებს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" ამას სპეციალურად წინასაარჩევნოდ აკეთებს.

კომუნიკაციების საშუალებებს, ფაქტობრივად, უნიშნავენ ისეთ ზედამხედველს, რომელიც იქნება გამოყენებული პირდაპირი რეპრესიებისთვის, შეუძლია ნებისმიერი მაუწყებელი ან ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა გააჩეროს, დაუნიშნოს საკუთარი მმართველო 2 წლის განმავლობაში. განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, გაუყიდოს აქციებიც კი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს და მსგავსი მავნებლური კანონები გაუქმდება. 

ეს ინიციატივა აჩვენებს საქართველოს პარტნიორებს, მეგობრებს, ლობისტებს დასავლეთში, ქართული ოცნების მისწრაფებებს. რომ "ქართული ოცნების" მისწრაფებები და საქართველოს განვითარება არის სხვადასხვა რამ, - ამბობს იგი. 

მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროქტის მედიაზე ზეწოლად შეფასება ძალიან მსუბუქია. 

რეალურად, ეს არის ბასრი ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომ მან ზუსტად 1 საათში სრული კონტროლი აიღოს ყველა მაუწყებელზე და მაყურებლებმა ტელევიზორის ეკრანიდან ინფორმაცია მიიღონ არა ფაქტების და შეფასებების შესახებ, არამედ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი შემოესმათ, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე ჯერჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი