
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს - შსს ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ ბრალდება დამძიმდეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
შსს-მ ასევე გაასაჯაროვა ფოტოგრაფ იოსებ ბრეგვაძის112-ში განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი და მოგვიანებით 112-ის ოპერატორის მიერ ბრეგვაძის ტელეფონზე განხორციელებული ზარის ჩანაწერიც. ბრეგვაძე ოპერატორთან საუბრისას ითხოვს, რომ საპატრულო ეკიპაჟი მალე მოვიდეს, რადგან ინციდენტის მონაწილეები მანქანით არიან და შეიძლება წავიდნენ. ფოტოგრაფის პირველი ზარის შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის ვერ იპოვა, ამიტომაც 112-ის ოპერატორი მას განმეორებით, საკუთარი ინიციატივით ურეკავს და ამ ჯერზე ბრეგვაძე მას არაგვის ხიდს უსახელებს და ამბობს, რომ იქ დამნაშავეები არიან, რომლებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მისი თქმით, "დაგვაყარეს" და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სწრაფად მოსვლას ითხოვს. საუბრის ბოლოს კი ბრეგვაძე ამბობს, რომ ყველა დაიშალა, შესაბამისად საპატრულო პოლიციის მოსვლას აზრი არ აქვს და სთხოვს ოპერატორს, რომ გამოძახება გააუქმოს.
შს მინისტრი იაკობ ბრეგვაძესთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ, ნინო გიორგობიანის მიმართ არსებული ბრალდებებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები ტყუილია.
"მთავარი არხის" მოპოვებული და გავრცელებული კადრების შესახებ, რომელშიც თეთრი "შკოდა" ფიგურირებს, ბორცვაძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო ავტომობილი, რომელმაც ბრეგვაძე ინციდენტის ადგილიდან წამოიყვანა.
ბრეგვაძის ზარზე სამართალდამცავების რეაგირებასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოკვლევა მიმდინარეობს გენერალურ ინსპექციაში და გადაცდომების დაფიქსირების შემთხვევაში, მასალები პროკურატურას გადაეცემა.
წაშლილი ვიდეო კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით, ბორცვაძემ განმარტა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მათ კომპენსირებას კერძო ობიექტებისა და 112-ის გაკეთებული ჩანაწერები მოახდენს.
ამ მომენტისთვის დანაშაულის რა ვერსიაზე მუშაობს შსს და კონკრეტულად რა ეტაპზეა, ამის შესახებ ბრიფინგზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის 400-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული.