მორიგი კრიტიკული გზავნილი და გაფრთხილება ქართულ ოცნებას. ე.წ. მოსმენების კანონში მმართველი გუნდის მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიამ დაიწუნა. ევროპის საბჭოს დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ორგანომ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა და თქვა, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. გამოქვეყნებული დოკუმენტით დგინდება, რომ ვენეციის კომისიას შენიშვნები არა მხოლოდ ცვლილებებთან, არამედ ძირითად კანონთანაც აქვს. ავტორიტეტული ორგანიზაციის კრიტიკას ხელისუფლება ტრადიციულად შეხვდა და თავდასხმაზე გადავიდა. ქართული ოცნება ვენეციის კომისიას სამართლებრივ არგუმენტაციას უწუნებს.