ვენეციის კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნაში, რაც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
დასკვნაში წერია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა.
ცნობისთვის, კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 22 ივნისს კი პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო.