ეს არის გაფრთხილება უშუალოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით - ამბობენ ექსპერტები ამერიკის კონგრესში დარეგისტრირებული კანონპროექტის შეფასებისას, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შემცირებას ითვალისწინებს.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ როდესაც ასეთი ვითარებაა, დიდი ალბათობით ასეთი ტიპის დოკუმენტები უპრობლემოდ მტკიცდება. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ ჩვენ გვაქვს უკუსვლა და იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რაღაც ახალი ჰორიზონტების ათვისებაზე სტრატეგიულ ურთიერთობაში, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ასეთი რამ ხდება, - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს პუტინის რუსეთად და დემოკრატიულ ქვეყნად ქცევას შორის არჩევანი აქვს გასაკეთებელი.
თუ ხელისუფლება იმ ექვს პირობას სწორედ, რომელიც სენატორ რიშის ცვლილებების პროექტშია მოცემული არ შეასრულებს და რეალურ დემოკრატიად თუ არ ვიქცევით, აუცილებლად, 13 და 15%-ის შემცირებით კი არა, საერთოდ სტრატეგიული თანამშრომლობის დასრულებად შეიძლება დაუჯდეს საქართველოს, - აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესის შესწორებების კომიტეტი საკითხზე მსჯელობას რამდენიმე კვირაში განაგრძობს. მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვის პრაქტიკა მოწმობს, რომ ასეთი შესწორებები ამერიკის ბიუჯეტში შემოდგომობით შედის და შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებამდე ეს კანონპროექტი ერთგვარი დამოკლეს მახვილი იქნება "ქართული ოცნების" თავზე, სანამ ის შესაბამის ღონისძიებებს არ განახორციელებს.