
რუსულ ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი "ეჭვმიტანილი" ჰყავს. დღეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ცნობები გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად, ბოგდან პეტროვიჩმა დაგეგმა.
უწყების მტკიცებით, მან რუსეთის ტერიტორია დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა.
"შემდგომი ღონისძიებების დროს დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც. ჩავიდა რუსეთში ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს და დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ციგანენკომ ვოვკს მისცა მანქანის ყალბი ნომრები და დოკუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკის რეალური მოქალაქის იულია ზაიკოს სახელით და ვოვკთან ერთად ააწყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაქირავებ ავტოფარეხში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 22 აგვისტოს რუსულმა FSB-მ დუგინას მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის მტკიცებით, დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც "აზოვის" ბატალიონის წევრია. ბრალდებები "აზოვმა" კატეგორიულად უარყო.
ალექსანდრ დუგინი უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია, ისევე, როგორც გარდაცვლილი დარია დუგინა. დუგინი, ასევე, მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობას".
ამავე თემაზე:
დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა - რუსეთის ФСБ ამტკიცებს, რომ საქმე გახსნა