ვაშინგტონის უმკაცრესი გზავნილების და ახლა უკვე სანქციების მიუხედავად, ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში დიქტატურას აანონსებს - "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ცდილობს სრული კონტროლი აიღოს ყველა მედია საშუალებაზე და გააჩუმოს კრიტიკული მედია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარალმენტში ერთად დარეგისტრირებული ორი კანონპროქტი დიქტატურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ჩვენ ახლა ვხედავთ იმას, რომ საკუთარ კონტროლირებად სასამართლოშიც კი არ უნდათ მიტანა საქმეების, რომ დრო არ გაეჭიმოთ, ისე უნდათ რომ ჰქონდეთ რეგულაციები, რომელიც ყველა ლიცენზიის მქონეს შეუზღუდოს თავისუფალი მოღვაწეობის შესაძლებლობა, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
მისი თქმით, ეს არის მორიგი დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე და დამანგრეველი სიგნალი ნებისმიერი ინვესტორისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ ეს კანონპროექტი გავრცელდება მედია საშუალებებზე და თუ ის ასე იქნება განმარტებული, ზიანი მიადგება მთელ საარჩევნო პროცესს.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, თუ ეს კანონპროექტი არ დაზუსტდა და განხილვების დროს არ მოხდება მკაფიო ხაზგასმა, რომ ის მაუწყებლებს არ შეეხება, გამოვა, რომ ეს კანონი იქნება ძალიან სახიფათო.
ძალიან კარგად იკითხება, როგორ შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოყენებულ იქნას მედიის წინააღმდეგ. ეს თუ არ შეიცვალა უნდა ჩავთვალოთ, რომ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც იქნება მიმართული მედიის და თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, - აცხადებს დეპუტატი.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ საუბარია მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებზე და მას არანაირი შეხება არ აქვს მაუწყებლის შესახებ კანონთან.
ეს შეზღუდვები, რაზეც ლაპარაკობენ, ძირითადად ჩვენი ოპონენტების მიერ წამოწეული თემაა. ჯერ არავის ინტერესში არ აქვს, ეს ერთი, რომ შეზღუდოს. მძლავრი პოზიცია გვაქვს დამკვიდრებული მედიათავისუფელბის სივრცეში და ამ პოზიციას ვერავინ ვერ შეელევა, ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ეს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა და ეს კანონპროექტიც ამ მიზანს ემსახურება.
კომუნიკაციების კომისიის გაკეთებული განცხადება, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია, ეს არ იწვევს სიმშვიდეს, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების დნობა შეუძლებელია და მან კარგად შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერ "ტექნიკური პრობლემა" იმისთვის, რომ მედიაში მმართველი შეიყვანოს, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
მაუწყებლების შეზღუდვასთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც. შესაბამის განცხადებას მარეგულირებლის პრეს სამსახური ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირში არის მედიასთან, არის ტყუილი.