პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ქართული ოცნება" ორიენტირებული არ უნდა იყოს ვეტოს დაძლევაზე.
გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ კანონპროექტის მიღების დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იქნას გათვალისწინებული და პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.
"პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო, მან დაასაბუთა, რომ ვეტო პირველ რიგში, პოლიტიკური მოტივებით იყო დადებული. პოლიტიკური ვეტო იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სურვილი გვქონდა და უბრალოდ ვეტო დავადეთ - ამაში სწორედ ის იგულისხმებოდა, რაც ვენეციის კომისიამაც განსაზღვრა - კანონის მიღების დროს არ იყო საკმარისი განხილვა, არ იყო საკმარისი ინკლუზიურობა... ვენეციის კომისიამ ამას პლუს დაამატა სამართლებრივი მხარეც და თავისი მოსაზრებებიც",- აღნიშნა მსხილაძემ
ცნობისთვის, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
დასკვნაში ასევე წერია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა.
კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
22 ივნისს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო. "ოცნება" საშემოდგომო სესიაზე მის დაძლევას აანონსებს.