
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ სახალხო დამცველთან შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზიც ვერ დაუსვა იმ მიზეზის გამო, რომ "არავითარი დიაგნოზი სინამდვილეში არ არსებობს". კობახიძის თქმითვე, ექსპერტიზა, რომლის ჩატარებასაც ახლა სახელმწიფო აპირებს ყველაფერს გასცემს პასუხს.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტისთვის ექსპერტიზის ჩატარება ახლა, როცა უცხოელი სპეციალისტები ჩაერთნენ საქმეში, კობახიძე ამბობს, რომ აქამდე საჭიროება არ იყო:
თქვენ გახსოვთ, რომ ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ. რატომ, იმიტომ რომ არავითარი დიაგნოზი სინამდვილეში არ არსებობს, არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არის საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, არავითარი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობდა." თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის 1 წლით გადავადება, როგორც ამას მისი ადვოკატები მოითხოვენ, კობახიძე ამბობს - "საჭიროება, რომ არსებობდეს, ბუნებრივია ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ექსპერტიზა კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს" თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ ამ საკითხზე უმჯობესია სპეციალისტებმა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი 2021 წლის 16 ნოემბერს შექმნა.
დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მისი მკურნალობის მონიტორინგზე 19 იანვარს გამოქვეყნდა.
იხილეთ ასევე: