ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსმა კომენტარს აკეთებს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩების და დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე და ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმები მისთვის დაუჯერებელი იყო.
ჰარმსმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ "ოცნების" კრიტიკა ქართველი ხალხის პოზიციებს არ გამოხატავს.
"ეს ჩემი პირველი დაბრუნებაა საქართველოში, ამჯერად სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით. მე ევროპარლამენტი 2019 წელს დავტოვე. როდესაც წავიკითხე კრიტიკის შესახებ ჩემი ყოფილი კოლეგის, კარლ ჰარცელისა და სხვა დასავლელი მეგობრების მიმართ, ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო. რაც მთავარია, ეს კრიტიკა არ გამოხატავს იმას, რასაც ქართველები ფიქრობენ ევროკავშირსა და დასავლეთზე",- ამბობს ის.
ცნობისთვის, საქართველოს ევროპული მომავალი და ქვეყნის ადგილი ასოცირებულ ტრიოში - ამ საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელსაც ყოფილი და მოქმედი ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნების" წევრები და ოპოზიცია ესწრება. ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ , იმისთვის რომ საქართველო ისევ უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტში მოიაზრებოდეს. შეხვედრას ესწრება ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსიც.