"არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ისევ აქ არის" | უცხოელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

დიპლომატებმა პარალელი უკრაინის ომთან გაავლეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მაღალი რანგის უცხოელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს ევროინტეგრაციასა და "ქართული ოცნების" მხრიდან გადასადგმელ აუციელებლ ნაბიჯებზეც ისაუბრეს.  

"ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და ხალხისთვის შეხსენება, რომ ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ბორდერიზაციაც მიმდინარეობს. ახლა მსოფლიოს ყურადღება უკრიანაზეა გადატანილი, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები იქ არ დაწყებულა. ეს საქართველოში დაიწყო, ასევე მოლდოვაში. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ისევ აქ არის. 

პირველი პრობლემა, რომელზეც ევროკომისიამ გაამახვილა ყურადღება, ეს არის პოლარიზაცია და ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად, რაც არის ამ ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში რაც შეიძლება მალე, ასევე NATO-ში. როგორც ჩვენ ვიხილეთ ფინეთისა და შვედეთის მაგალითით, არ არსებობს უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროპაში, თუ არა ხარ ევროკავშირსა და NATO-ში. ამიტომ, ეს უნდა იყოს ყველას მიზანი ამ ქვეყანაში", - თქვა კურტ ვოლკერმა.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა უკრაინის ანტიკორუფციული ორგანიზაციის წევრი, დარია კალენიუკიც. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ დასავლეთის სუსტმა რეაქციამ რუსეთის შემდგომი ქმედებები წაახალისა. კალენიუკმა ქართველ ხალხს და უკრაინაში ქართველ მებრძოლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოხარული ვარ, რომ აქ ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. რაც რუსეთმა საქარველოში ჩაიდინა იყო იმის რეპეტიცია, რასაც ახლა ჩადის უკრაინაში. მაშინ დასავლეთმა რუსეთს სუსტი პასუხი გასცა, რამაც პუტინი წაახალისა, იგივე ქმედებები განეხორციელებინა სხვაგან. ახლა ის გენოციდს ჩადის უკრაინაში, თუმცა ჩვენთან ხალხი დარწმუნებულია, რომ ამ ომს მოვიგებთ და ყველა მადლიერია იმ ქართველების, რომლებიც იქ იბრძვიან. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გესმით, ეს ომი თქვენი ომიც არის", - თქვა დარია კალენიუკმა.

უცხოელი დიპლომატები საქართველოში  საერთაშორისო კონფერენციია " დიდება უკრაინას" ფარგლებში იმყოფებიან. ღონისძიებამდე ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ. როგორც ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, შეხვედრები იგეგმება სხვა პოლიტიკოსებთანაც.

რაც შეეხება ღონისძიებას, ის საქართველოში 5-6 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის,  დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა ომის შედეგები ევროპაზე, ასევე რუსული აგრესიის შედეგები გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი