პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რატომ არ ესწრება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას და ამბობს, რომ მას კონფერენციაში მონაწილეობით "რადიკალიზაციის ნორმალიზებისთვის" ხელის შეწყობა არ სურდა.
პაპუაშვილის თქმით, კონფერენციას ესწრებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ.
"რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი, ჩვენ მათ შორის ამ კონფერენციის დაწყებისას ვნახეთ, გაკეთდა კომენტარები, მაგალითად ევროპული საქართველოდან, რომ ეს კვლავ რეჟიმის ცვლილებაზე და პარლამენტის დელიგიტიმაციისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის ბანერებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ და მე აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მხრივ და რა თქმა უნდა, მე პირადად ვერ წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები", - თქვა პაპუაშვილმა.
ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ამ წუთებში იმართება. კონფერენციას ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკისები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც, თუმცა ამ დრომდე ადგილზე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ხვალინდელ დაგეგმილ შეხვედრაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თუმცა ის ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებს.