"საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ" | კობახიძე ენმ-ზე

გამოქვეყნდა:

"საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე.

როგორც მან პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, "სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება". მან, კახა კალაძის მსგავსად, თქვა ისიც, რომ "ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია".

"ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა, საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. 

რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. და საუბარი, თუ არ ვცდები ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი". ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის", - ამბობს კობახიძე. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საიდან აქვს ეს ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით საუბრობს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ასე დარწმუნებით, კობახიძე პასობს, რომ ეს ყველაფერი ნათლად ჩანს Facebook-ზე, სადაც, მისი თქმით, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ერთმანეთს "ღიად უპირისპირდებიან".

"ამას საზოგადოება ხედავს. ერთმანეთთან დაპირისპირება, ყველამ იცის, შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი და უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. 

პირდაპირ საჯაროდ Facebook-ზე აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს ამ პარტიის მხარდამჭერებიც და წარმომადგენლებიც აგინებენ ერთმანეთს Facebook-ით, აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყაროები. სოც. მედიას დააკვირდით და ნახავთ, თუ რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კონკრეტულად ნაცმოძრაობის შიგნით", - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე, მელიამ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი