"ოცნების" თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორებზე, EU-ს კანდიდატის სტატუსი და ნიკა გვარამიას პატიმრობა - განცხადებები კონფერენციაზე

გამოქვეყნდა:

საით მიდის საქართველო - თბილისის საერთაშორისო კონფერენცია დღეს ამ თემაზე სესიით გაიხსნა. სადაც მთავარი მომხსენებლები ქართველი ოპოზიციონერები არიან. ამავე სესიის მთავარი მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო თუმცა ქართულმა ოცნებამ  კონფერენციის მონაწილეები მტრებად გამოაცხადა და მასში მონაწილეობაზე  უარი განაცხადა.

დღევანდელ კონფერენციაზე საუბარი იყო ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე, "ქართული ოცნების" თავდასხმებზე დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე:

"იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის, ამ რუსი ოლიგარქის, ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში, იმის გამო, რომ ღარიბაშვილი და მმართველი პარტიის ლიდერები მუდმივად ატარებენ ანტიდასავლურ კამპანიას და ადანაშაულებენ დასავლელ დიპლომატებს, რომ მათ საქართველოს ჩათრევა სურთ ომში, ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.  ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ სანამ ქართული ოცნებაა მთავრობაში, სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს, ეს ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი ვერ გახდება. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება, მიზანს დახმარების გარეშე ვერ მივაღწევთ. მე ვამბობ, რომ ევროკავშირი იმ რეზოლუციის მიხედვით, რომელიც მან გამოსცა ცოტა ხნის წინ და სადაც საუბარია პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, პირდაპირ ამბობს, რომ დიახ, ივანიშვილი არის საფრთხე." - თქვა ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

"როგორც უკრაინა ვერ მოიგებს  დასავლეთის დახმარების გარეშე ამ საშინელ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ასევე ქართველი დემოკრატები ვერ მოიგებენ ომს ოლიგარქთან, თუ მეგობარი ქვეყნები არ დაგვეხმარნენ. იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ხალხის მხრიდან უპრეცედენტო ევროპული მისწრაფებების გამო, ის ბერკეტები, რომლებიც ევროპას აქვს ამ მთავრობაზე, გამოყენებული უნდა იყოს. შეიძლება ეს მთავრობა ისე გვაჩვენებდეს თავს, რომ მათ არ აინტერესებთ კრიტიკა ევროკავშირისგან და ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ, მაგრამ მერწმუნეთ, აინტერესებთ და ანაღვლებთ. ამიტომ, ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია და ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ ორი ძალიან მკაფიო გზა. პირველი არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა და მეორე არის ამ მთავრობაზე ზეწოლა, რომ გადადგან სწორი ნაბიჯები. კიდევ ერთი რამ, რაც ამ ქვეყანაში შესასრულებელია, არის დეოლიგარქიზაცია. ოლიგარქია ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ ჩვენი პრობლემა უნიკალურია, რადგან ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე, ასევე ფლობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს. - თქვა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კონფერენციის მონაწილეებს მმართველი პარტიის ხელმძღვანელების განცხადებები გააცნო:

"თავდაპირველად, მსურს მოვიყვანო ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ციტატა: „კონფერენცია „სლავა უკრაინის“ მონაწილეები არიან პირდაპირ აფილირებულნი იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ“. 
კახა კალაძის ციტატა: „ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ამ ქვეყნის მტრები არიან“.

რატომ ესხმის თავს ქართული ოცნება დასავლეთს, რატომ ესხმიან თავს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, რატომ უცხადებენ ბოიკოტს ამ კონფერენციას, რატომ დაიჭირეს ნიკა გვარამია იმ დღეს, როდესაც პრემიერმინისტრმა დაიწყო ვიზიტი ბრიუსელში და 10 დღით ადრე, სანამ ევროკომისია გადაწყვეტილებას გამოიტანდა საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ ამის მიზეზი ის არის, რომ მათ უნდათ უარის მიღება ევროკავშირისგან." თქვა გიორგი ვაშაძემ.

გენერალმა ბენ ჰოჯესმა შეკითხვით მიმართა სალომე სამადაშვილს: 

"შეკითხვა მაქვს ქალბატონ სამადაშვილთან. თქვენ ახსენეთ დაპატიმრებული ჟურნალისტი ნიკა გვარამია, რომელიც უკვე 5 თვეა, რაც ციხეშია. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა იმის პერსპექტივა, რომ ის შეიწყალოს პრეზიდენტმა ან მისი განაჩენი შეიცვალოს?"

სამადაშვილი: თქვენ იცით, რომ მედიის საკითხი ერთ-ერთი მთავარია ევროკავშირის 12 რეკომენდაციებს შორის. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, აქ არსებობს ორი გზა. ერთი და ყველაზე მარტივი და სწრაფი, არის პრეზიდენტის შეწყალება და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ოპოზიცია, მუდმივად მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. მეორე გზა არის ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიას იმ ბრალდებისთვის, რომელიც ნიკა გვარამიას მიუსაჯეს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქართულ ოცნებას უმრავლესობა აქვს პარლამენტში."

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი