
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარათაკლიაში მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებული სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება 2021 წლის 20 დეკემბერს მომხდარს, რა დროსაც უცნობმა პირებმა ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს და მიიმალნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.
პოლიციამ ბრალდებულები გასული წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ.
სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19 -19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამავე თემაზე: