
ენმ-ს დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ირანული ავიაკომპანია დასანქცირებული არ არის. დეკანოიძის თქმით, კომპანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი.
"ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი და მცდარი ინფორმაცია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, რა თქმა უნდა, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ეს კომპანია არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო გადააქციოს ტერიტორიად, რომელიც გვერდს უვლის სანქციებს - აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა ავიაკომპანიამ რუსეთში სამხედრო ტვირთის ჩასატანად საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა.
ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრმა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ირანული "იან ერი" ავიაკომპანია, არ არის სანქცირებული და ევროპაშიც რეგულარულად დაფრინავს.