
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს განცხადებები ტყუილია.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს ტვირთის წონა და მოცულობა.
"ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების აბსოლუტურად საგანგაშო ბრიფინგი, ირანის თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც გაიარა საქართველოს საჰაერო სივრცე და ირანის სამხედრო აეროდრომიდან ჩავიდა მოსკოვში. მინდა კონკრეტულ ტყუილებზე და საბუთები წარვადგინო, რა ტყუილო თქვა ქართულმა ოცნებამ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვერსიას, რომ სავარაუდოდ რუსეთს ეხმარება უკრაინასთან ომში .
არსებობს დოკუმენტები, სადაც ლაპარაკია, რომ ისინი არიან სანქცირებული სამხედრო ტვირთისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო. ოცნება იტყუება თითქოს "იკაოს" მიერ გაცემული ნებართვა ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავს არ აქვს რაიმე პოლიტიკური პრობლემა. იკაო გასცემს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ტექნიკური ხასიათის ნებართვას შეუძლია თუ არა თვითმფრინავს ფრენა და არანაირ კავშირში არ არის ტვირთთან, ან ნებართვასთან. ქვეყნებში გადამფრენი ეს არ არის. შესაბამისად, სუვერენული ქართულის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გაატარებს თუ არა ამ საეჭვო თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიაზე.
დოკუმენტურად ეს არის სამხედრო ტიპის აეროპორტი, შესაბამისად მოვითხოვთ პასუხს, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი.
საქართველოს გააჩნია ამერიკული რადარები, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ტვირთის მოცულობა და წონა. შესაბამისად, კატეგორიულად მოვითხოვთ გაუზიაროს საზოგადოებას თუ რა მოცულობის ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში. ეს კონკრეტული თვითმფრინავი, დაფრინავდა მხოლოდ რუსეთისა და აზიური მიმართულებით, მათ არ უფრენიათ ევროპის მიმართულებით. ომის დაწყების შემდეგ კატასტროფულად გაიზარდა ამ ფრენების რაოდენობა, შეუძლებელია ეს ფრენები არ იყოს კავშირში იმ დრონებისა და ჩიპების მომარაგებასთან, რაც სჭირდება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. ქართული მხარე ვალდებულია, რომ გაასაჯაროოს ტვირთის წონა და მოცულობა.
ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება ქართულ საჰაერო სივრცეში, რომელიც არ გაატარა აზერბაიჯანმა, რომელზეც იწერება ყოველდღიურად სტატიები, რომ უკავშირდება დრონებისა და სამხედრო ტექნიკის გადაზიდვას, ეს არის კატასტროფული დარტყმა ჩვენი ინტერესებისთვის, ორმაგი დარტყმა როგორც უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე ტერორისტული სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის" - ამბობს ელენე ხოშტარია
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დავითაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე წესების დაცვით გადაკვეთა.