
"ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან", - მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალური დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ.
CNN-ის ცნობით, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომა, ორშაბათს Twitter-ზე გამოქვეყნებული პეტიციის მიხედვით მოითხოვეს.
"ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს, გვჯერა, რომ პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ჩვენ ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან“, - წერია პეტიციაში.
აღნიშნული პეტიცია ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პირველ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც კრემლის მომხრე კანდიდატებს დიდი გამარჯვება მოუტანა.
მოსკოვის ერთი ოლქის საბჭომ (ლომონოსოვსკიმ) ასევე მოითხოვა პუტინის გადადგომა და თქვა: "თქვენი შეხედულებები და თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და აფერხებს რუსეთის განვითარებას და მის ადამიანურ პოტენციალს".
ცნობისთვის, გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის საბჭომ სახელმწიფო დუმას შესთავაზა, რომ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო ღალატში ბრალდება წაუყენონ. ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, უკრაინაში ომის დაწყების შესახებ, ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.