
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიიდან წასულ 4 დეპუტატთან დაკავშირებით დასამალი არაფერი აქვთ და რომ ჰქონდეთ, დამალავდნენ. მისი თქმით, კაჭრეთში შეხვედრას "წასულები" იმიტომ ესწრებოდნენ, რომ ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად რჩებიან და მათი ხმები მნიშვნელოვანია.
"ძალიან მარტივად განიმარტება ეს ყველაფერი, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც, ჩვენი ოთხი კოლეგა პარლამენტარი, გუნდის ყოფილი წევრი, ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული ეს პრაქტიკა, აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ ნათქვამი, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენ საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია. [...] ხმები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თითოეული პარლამენტარის ხმა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი ასახსნელია ის, რაც იხილა საზოგადოებამ.
ჩვენ რომ ვთამაშობდეთ დავმალავდით რაღაცეებს, დასამალი არაფერი არ გვაქვს, არც საზოგადოების წინაშე, არც არავის წინაშე, ყველაფერი არის ღია და გაცხადებული", - თქვა კობახიძემ.
მისი განცხადებით, 4 დეპუტატთან უთანხმოება უმრავლესობას მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით აქვთ, რაზეც ახლაც სხვადასხვა პოზიციებს ინარჩუნებენ.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კაჭრეთში, გასვლითი სხდომა შაბათს, 10 სექტემბერს გამართა. "ოცნების" მიერვე გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ შეკრებას ესწრებიან დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი, რომლებმაც "ოცნებიდან" წასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 28 ივნისს გააკეთეს.