
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს.
ფაშინიანის ინფორმაციით, 13 სექტემბერს ОДКБ-ს სხდომა გაიმართა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. როგორც ფაშინიანი ამბობს, კონფლიქტს მოსაგვარებლად ОДКБ-ს სამხედრო ინტერვენცია ერთადერთი გამოსავალი არაა და მისი მოგვარება დიპლომატიურადაც შეიძლება.
"საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, ჩემს მაგიდაზეა, თუმცა ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ვითარება მუდმივად ფასდება და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. გუშინ გაიმართა ОДКБ-ს სხდომა, რაც დამაკმაყოფილებელია.
ვფიქრობ, იყო ღია, გულწრფელი დისკუსია. სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, მიღებული იქნა მინიმალურად საჭირო გადაწყვეტილებები. ჩვენი მოკავშირეები არიან რუსეთი და ОДКБ, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ОДКБ-ს სამხედრო ინტერვენციას კონფლიქტური სიტუაციის ერთადერთ შესაძლებლობად. ეს შეიძლება გაკეთდეს, როგორც პოლიტიკურად, ისე დიპლომატიურად", - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
ცნობისთვის, დილიდან განახლდა სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს რომ სომხეთი აზერბაიჯანის პოზიციებზე ლაჩინისა და კელბაჯარის რაიონებში საარტილერიო დარტყმებს განაგრძობს.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მზად არის, ერევანს 100-ზე მეტი დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა. ამ დრომდე სომხეთი 49 დაღუპულს ადასტურებდა.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანიც ამბობს, რომ სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ჯარისკაცი.
იხილეთ ასევე: