
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ოფიციალური ერევანი არ გამორიცხავს, შეტაკებები სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადოს. ნიკოლ ფაშინიანმა კი მას უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.
პარალელურად კი აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მზად არის, ერევანს 100-ზე მეტი დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანიც ამბობს, რომ სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ჯარისკაცი.
რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანულმა არტილერიამ, სომხეთში, გეღარქუნიკის სასაზღვრო ზონაში რუსული ФСБ-ს სასაზღვრო ძალების შტაბზე დარტყმა განახორციელა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც განადგურებული ინფრასტრუქტურა ჩანს.
ავტორი: გუგა მაისურაძე