
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აბსურდს უწოდებს. ის ამბობს, რომ გოგაშვილთან სახლში მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა ვახშამზე და მისი მხრიდან დასაქმებასთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.
მისივე განცხადებით, არ იცნობს გოგაშვილის მიერ დასახელებულ სუს-ის თანამშრომელ ბექა მამარდაშვილს, რომელსაც გოგაშვილის თქმით, "კრებსები" მასთან მიჰქონდა.
"როგორ შეიძლება პარტიის ოფისში ბექა მამარდაშვილს მოჰქონდეს კრებსები და მე არ ვიცნობდე ამ კაცს, მარტივად არის ეს ყველაფერი, სრული აბსურდია. ადამიანს არ ვიცნობ, სახეზე არ ვიცი, შეიძლება საინტერესო ადამიანია, მაგრამ მე არ ვიცნობ, აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად აბსურდულია ასეთი განცხადებები. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება შეთავაზებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს 5 წლის წინ ორჯერ ვიყავი სახლში ასული, 5 წლის წინ მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, ამ დროს რა შეთავაზება უნდა გამეკეთებინა დასაქმებასთან ან ფულთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, სრული აბსურდია, თვითონ იხლართებიან საკუთარ აბსურდში.
რაც შეეხება სახლში ჩემ მისვლას, ერთადერთი შემთხვევა იყო მთელი ამ წლების მანძილზე, როდესაც ვახშამზე დამპატიჟა და ვიყავი მისული, მათ შორის ხათრითაც და ადამიანურად ძალიან მძიმეა როდესაც მერე ამას რაღაცისთვის იყენებ. [...] ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად იყო 0 შეთავაზება და მისი მხრიდან იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემ მიმართ იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
მისი განცხადებით, გოგაშვილთან სახლში მაშინ იმყოფებოდა, როცა ის უკვე აღარ იყო სუს-ის უფროსის მოადგილე - "2020 წელი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნებამდე". იხილეთ: